საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-19

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  ახალი ვებგვერდი აამოქმედა -DCFTA.GOV.GE-ზე თავმოყრილია სრული ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ. საინფორმაციო ვებპორტალის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა DCFTA-ის ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

„დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის  ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს DCFTA-ით გათვალისწინებულ რეფორმებს - სახელმწიფო ინსტიტუტების  გაძლიერების,   საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების, ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის გზით. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში ასევე უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება, რა მიზნითაც შეიქმნა ახალი საინფორმაციო ვებპორტალი.

„იმედი მაქვს, რომ ეს ვებგვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორცილების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორის მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა. იმედს ვიტოვებ, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს არსებობს, გაგრძელდება სწორედ ამ ვებპორტალის შექმნის გზით, რომელიც  ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმირებულობის კიდევ უფრო ამაღლებას. ევროპული ინტეგრაცია  არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელმაც სიკეთე და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს  თითოეულ მოქალაქეს," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, რასაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება იძლევა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.

,,ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე თავისუფალი მოგზაურობის შესაძლებლობა საშუალებას აძლევს საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ ევროპის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ და მაქსიმალურად ეცადონ,დაამყარონ კონტაქტები და ახალ ბიზნესთანამშრომლობას ჩაუყარონ საფუძველი ევროპელ მეწარმეებთან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვებგვერდი - DCFTA.GOV.GE-ს მთავარ მიზანს წარმოადგენს DCFTA-ს შესახებ საზოგადოებისთვის პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. საინფორმაციო პორტალი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში  იანოშ ჰერმანი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი კატია კამერერი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური