შეხვედრა JICA-ს პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-13

1 2

3  4

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) პრეზიდენტს, დოქტორ შინიჩი კიტაოკას შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები იყო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პროექტები, რომლებიც იაპონიის მხარდაჭერით ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრმა JICA-ს პრეზიდენტს დეტალურად გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, განათლების სისტემის რეფორმას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზებას და მმართველობის რეფორმას მოიცავს.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივას. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ არსებულ შესაძლებლობებს და იაპონური კომპანიების მეტი აქტიურობის იმედი გამოთქვა.

დოქტორ შინიჩი კიტაოკას განცხადებით, JICA მოხარულია თანამშრომლობით საქართველოსთან, რომელმაც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ბოლო პერიოდში დიდ პროგრესს მიაღწია. მისივე თქმით, წარმატებულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ JICA-ს პირველი ოფისი კავკასიაში, თბილისში გაიხსნა.
საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობას და იაპონური მხარის მონაწილეობას საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებში. პრემიერმა გამოთქვა დაინტერესება, საქართველომ გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება განახლებადი ენერგიის, ჯანდაცვის სისტემის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2017 წელი საიუბილეოა საქართველო-იაპონიის ურთიერთობებში, რამდენადაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება.
პრემიერ-მინისტრმა იაპონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური