საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებთან შეთანხმება შედგა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-06

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა მაქსიმუმ სამი წლის ვადაში დასრულდება, მანამდე კი უმოკლეს დროში არსებული შენობა გარემონტდება, - აღნიშნული შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცენტრის თანამშრომლების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს აქცია ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე გამართეს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა აღნიშნულ აქციაზე, გიორგი კვირიკაშვილისა და აქციის მონაწილეების გასაუბრების შემდეგ დაიგეგმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური