საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ  გამორიცხულია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტში.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს არსებულ ძალიან სამწუხარო ინციდენტს. ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება და განვითარება,  რომელსაც დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ  შევთავაზეთ  აფგან მუხტარლის  მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა და მათი უსაფრთხოების დაცვა. თავად პიროვნება, რომელზეც არის საუბარი, დაპატიმრებულია. დღეს რთულია რაიმეს თქმა. მხოლოდ ერთი შემიძლია დაზუსტებით გითხრათ - საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური