საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-01

ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და 15 ათასს მიაღწია. ღონისძიებებს განათლებისა და მეცნიერებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ.

„ჩვენ ასევე განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა ზამთრის პერიოდში, ზამთრის სპორტის სახეობებში მაქსიმალურად ბევრი ბავშვი იყოს ჩართული. ამისთვის გავაკეთეთ არდადეგების მცოცავი გრაფიკი, ასევე, სახელმწიფო აფინანსებს და სუბსიდირებას უკეთებს სპორტული სკოლების ფუნქციონირებას ზამთრის პერიოდში. ზაფხულისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები ბანაკებთან დაკავშირებით. ბანაკების აქტივობებში მონაწილე ბავშვების რაოდენობა ძალიან გაიზრდება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსიც მნიშვნელოვნად გაზრდილია", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე გაგრძელდება სოფლად მცირე სკოლების მხარდაჭერის პროგრამა და რეგიონებში, სკოლებთან დაშორებული სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირება, რაც მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ბავშვს და ვუსურვებ, მათი ბავშვობა იყოს უღრუბლო და უფრო მეტი სიხარულით აღსავსე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური