საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-29

 

ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
ბატონო უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარევ,
ბატონო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტო,
ბატონო გენერალურო მდივანო,
ქალბატონო ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილევ,
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით!

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში, რომელიც ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არის თქვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირება.

ეს არის მართლაც მკაფიო გზავნილი ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ევროატლანტიკური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე.
ნატო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის მტკიცედ, ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სადარაჯოზე და მზად არის, თავის რიგებში მიიღოს ევროპული ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს, ასევე, მზად არიან და შესწევთ უნარი, წვლილი შეიტანონ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა გადაწყვეტილება ნატოს 29-ე წევრად მონტენეგროს მიწვევის შესახებ.
საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა. ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი ალიანსთან და მივაღწიეთ პრაქტიკული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეს ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზით.
შედეგად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს წვრთნისა და შეფასების ეროვნულიცენტრი, ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და 15-მდე სხვა პროექტი. ამასთან ერთად, საქართველოში მუშაობს ნატოს 30-ზე მეტი ექსპერტი.

ჩვენს პროგრესს აღიარებენ ალიანსის წევრები, რომლებმაც ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატოში გასაწევრიანებლად.
ამასთან ერთად, საქართველომ უკვე დიდი ხანია დაადასტურა, რომ ის არის უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელი ქვეყანაც. როგორც ასპირანტი სახელმწიფო და პარტნიორი, საქართველო აგრძელებს წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მოგეხსენებათ, საქართველო რჩება ავღანეთში მიმდინარე ნატოს მისიაში არაწევრ ქვეყნებს შორის სამხედრო ძალების ყველაზე მსხვილ მიმწოდებელად. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. გარდა ამისა, ჩვენი ასეული მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო მიესალმება ნატოს გადაწყვეტილებას, მის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით, გააძლიეროს სამხედრო მზადყოფნა. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ალიანსს, რომ მზად ვართ, ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ ნატოს ძალისხმევაში.

როგორც იცით, ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის გარდა, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. ევროპულ სივრცეში დაბრუნების სურვილი საქართველომ პირველად ჯერ კიდევ 1991 წელს, სახელმწიფოებრიობის აღდგენისთანავე, გამოთქვა.
მსურს აღვნიშნო, რომ წლების მანძილზე გაწეულმა დაუღალავმა შრომამ და საჯარო სფეროს ყველა მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ასევე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ინტენსიურმა და თანმიმდევრულმა თანამშრომლობამ, შედეგად მოიტანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოს მოქალაქეთათვის.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რასაც ემატება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება, ისტორიული მოვლენა გახლავთ, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. სიმბოლური დატვირთვის გარდა, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და საქართველოს შორის საქმიანი, პროფესიული და ადამიანთა შორის კონტაქტების გააქტიურებას, რის შედეგადაც ჩემი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.
დღეს საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის რამდენიმე პროგრამასა და პროექტში, რისი წყალობითაც, განათლებისა და კულტურის სფეროში ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება სამართლებრივი და საკანონმდებლო კუთხით, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებთან თანამშრომლობის გაფართოება, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთკავშირების გააქტიურება, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება.

ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩება სასურველიმიზნის მისაღწევად.
მიმაჩნია, რომ ჩვენი სტაბილური პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ადასტურებს საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის წარმატებას. ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ საქართველო ტრანსფორმაციის ეტაპიდან გადავიდა დემოკრატიული კონსოლიდაციის ფაზაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყველა რეიტინგში, - დემოკრატიული განვითარების ინდექსით დაწყებული, ეკონომიკური პროგრესის ინდექსით დამთავრებული. ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ - წარმატებულად ჩავატარეთ რამდენიმე არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, როგორც გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი.
ახლა, ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ ის მიღწევები, რომლებიც დემოკრატიული რეფორმირების გზაზე გვაქვს.

ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავარესი პრიორიტეტია. მთავრობამ მიიღო 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და 2014-2016 და 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმები. 2014 წელს საქართველომ მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ეს კანონი მიზნად ისახავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და საყოველთაო თანასწორობის უზრუნველყოფას. ჩვენ ასევე მივიღეთ 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, ბრძოლა გენდერულ სტერეოტიპებსა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან. ასევე, აღსანიშნავია 2015-2020 წლების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის გარანტიის შექმნა. ახლახან მიღებული კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს შემადგენლობის დემოკრატიულობას და სატელევიზიო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო must-carry/must-offer პრინციპები, ანუ მოთხოვნა, რომ საკაბელო ქსელებმა და სატელიტური მომსახურების მიმწოდებლებმა ჩართონ თავიანთ მაუწყებლობაში ყველა ის სატელევიზიო არხი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას მოიცავს.

საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფის კუთხითაც. მაშინ როცა, 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ სამი სატელევიზიო არხი მაუწყებლობდა და მათაც მკაცრად აკონტროლებდა მმართველი პარტია, დღეს მაუწყებლობს 13 ასეთი არხი. ყველა მათგანი თავისუფალია და კრიტიკულად არის განწყობილი მთავრობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიური რეიტინგების მიხედვით, რომლებსაც აწარმოებს ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე", საქართველომ გაიუმჯობესა პოზიციები და 2012 წელს არსებული 104-ე ადგილიდან 2016 წელს 64-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭვირვალობას და ღიაობას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აკმაყოფილებს ღია მმართველობის მაღალ სტანდარტებს. მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალმა ხარისხმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა: 2016 წელს საქართველო აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარედ. 2017 წლის ოქტომბერში საქართველო ერთი წლით გახდება ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი თანათავმჯდომარე ქვეყანა.

გარდა ამისა, მთავრობის მიზანია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფა და სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცება. წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე, ხელისუფლებამ განახორციელა ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა. დაინერგა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და შეფასების ობიექტური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები და გამჭვირვალე პროცედურები, სასამართლ ორეფორმის მესამე ტალღა სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. რეფორმის მიზანია მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და დეპოლიტიზაცია. დაინერგა სასამართლო საქმეების ავტომატური და ელექტრონული განაწილება.
შესაბამისი უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, მთავრობამ წამოიწყო პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურებს ეხება, რათა ეს პროცესი უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გახდეს, მთავარ პროკურორს კი მისი ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულების შესაძლებლობა მიეცეს ახალი ჩარჩოს პირობებში.

სასჯელაღსრულების სისტემაშიც გატარდა ძირეული სამართლებრივი და სტრუქტურული რეფორმები, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წინასწარ პატიმრობაში მყოფთა და პატიმართათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ხარისხი, ასევე გაუმჯობესდა ციხეებში საცხოვრებელი პირობები და უსაფრთხოების სტანდარტები. წარმატებით გადაიჭრა ასევე გადატვირთული სასჯელაღსრულების დაწესებულებების პრობლემა - პატიმართა რაოდენობა შემცირდა 60 პროცენტით. პატიმრობის ნაცვლად, აქტიურად გამოიყენება ისეთი ალტერნატიული მეთოდები, როგორიცაა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თავიდანვე იყო პოლიციის დეპოლიტიზაცია. 2015 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შედეგად, მოხდა პოლიციის და უსაფრთხოების უწყებათა ინსტიტუციური და ორგანიზაციული გამიჯვნა. შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც თავი მოუყარა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ყველა იმ უწყებას, რომლებიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.

მეგობრებო,
სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე. ჩვენ ვახორციელებთ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს, რათა ბაზარზე იყოს ღია და სამართლიანი კონკურენცია, სათანადოდ იყოს დაცული საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ასევე თავისუფალი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.

საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო, ეფექტიანი საჯარო სერვისები, კორუფციისგან თავისუფალი მთავრობა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო. ეს ყველაფერი გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო სულ უფრო აუმჯობესებს პოზიციებს ისეთი აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Heritage Foundation, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ.
ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ევროკავშირთან, რაც ჯამში იძლევა წვდომას 900 მილიონი მომხმარებლის ბაზარზე. სულ ახლახან ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც ნიშნავს დამატებით 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე პრეფერენციების ზოგადი სქემის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან, ასევე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაციის ქვეყნებთან, რაც დამატებით 500 მილიონ მომხმარებელზე მეტი გახლავთ.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა იძლევა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ევროპისა და აზიის დაკავშირების უნიკალურ შესაძლებლობებს. ისეთი სატრანსპორტო პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი, სატრანსპორტო დერეფანი Lapis Lazuli, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის დერეფანი და ასევე "აბრეშუმის გზის" ეკონომიკური სარტყელი, ყველას უდიდეს შესაძლებლობებს გვთავაზობს.
თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის. საქართველო არის სანდო სატრანზიტო პარტნიორი და სატრანსპორტო ღერძის წამყვანი ქვეყანა, რომელიც აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში.

ამასთან ერთად, როგორც ენერგეტიკული ქარტიისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი, საქართველო იყო და არის სანდო და პასუხისმგებელი ენერგეტიკული პარტნიორი, რომელსაც წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებაში. ისეთ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ერზრუმი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ასევე TANAP-ი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი, დიდი მნიშვნელობა აქვთ რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ინტენსიურად ვმუშაობთ თურქმენეთის გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირების პროექტზე, რომელსაც "თეთრი ნაკადი" ეწოდება და რომელიც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. გარდა ამისა, საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით ჰიდროელექტროენერგეტიკის კუთხით. ასევე შთამბეჭდავია ქარის, მზის, ბიოლოგიური და გეოთერმული ენერგიის წყაროების პოტენციალიც.

ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისა და ქვეყნის მიმზიდველობის ხარისხის ამაღლების მიზნით, მთავრობამ წამოიწყო ცვლილებათა ახალი ტალღა 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, რაც მოიცავს გადასახადების სისტემის რეფორმას, ღია მმართველობას და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გააქტიურებას, საბაზისო ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას.
ძვირფასო მეგობრებო, სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფოს კარგი მაგალითი, რომელიც ყველა შიდა თუ გარე გამოწევის მიუხედავად, თანმიმდევრულად აგრძელებს სვლას დემოკრატიზაციის, ინსტიტუტების აღმშენებლობის, ეკონომიკური განვითარების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინსტიტუციური ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს 20 პროცენტის ოკუპაცია და მილიტარიზაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას.
გარდა ამისა, ყირიმის უკანონო ანექსიამ, რომელსაც შედეგად მოჰყვა დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და გავლენის სფეროთა გადანაწილება, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობანი ევროპის მშენებლობაში მიღწეული უდიდესი პროგრესის, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების უდიდესი მონაპოვრის, გაქარწყლებას ისახავს მიზნად.

ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე მეტი დემოკრატიზაცია, მეტი ეკონომიკური განვითარება და მეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ამ გამოწვევებზე დასავლეთის ერთადერთი ქმედითი პასუხი უნდა იყოს მეტი ერთობა და სიმტკიცე თავისუფლებისა და სხვა ფუძემდებლური ღირებულებების დაცვის საკითხში, ღია კარის პოლიტიკა და შესაბამისი სურვილის მქონე ევროპული ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა.
ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმების, ნატოში ინტეგრაციის და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას.

გმადლობთ ყურადღებისათვის.