პრემიერ-მინისტრის გამოსვლა GLOBSEC-ის სესიაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-28

  

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები-ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლობარული უსაფრთხოების ფორუმის ფარლებში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.

"საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია - ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით) და წამოვიწყეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონმდებლობის ძირეული გარდაქმნის პროცესი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს. შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ ვიზების ლიბერალიზაციას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, ამას აქვს უფრო ღრმა პოლიტიკური დატვირთვა, რადგანაც ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის პოლიტიკური ხასიათის ნაბიჯი ევროპის მხრიდან, რომლითაც დაფასდა საქართველოს ძალისხმევა. ეს წარმატება იოლი მისაღწევი როდი იყო, მას ახლდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ჩათვლით. ასე რომ, ეს მართლაც დიდი მიღწევაა,"-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კითხვაზე: როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები - განაცხადა, რომ საქართველო ემზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც შემოდგომაზე ბრიუსელში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე სტაბილური პოლიტიკური მოკავშირეების შეძენას სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამდენად აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაისახოს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები.

"დღეს საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ მისი მიმწოდებელიც. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ასევე კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენი მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიყოთ ყველგან, სადაც ცივილიზებული მსოფლიო ჩათვლის რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქვეყანაში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წარმატება ერთმანეთისგან განუყოფელი და მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ამ გზაზე თანმიმდევრულად და სტაბილურად სვლის მხრივ," - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას უპასუხა. ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის ნატოში ინტეგრაციის.

"საქართველო აღარ არის „პოსტ"-ქვეყანა. დროა, დავივიწყოთ ეს „პოსტ" წინსართი.ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთევროპის ქვეყანა. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი და ამ მხრივ ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც ვუსწრებთ. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო. მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ამ მხრივ ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ მსოფლიოში. Heritage Foundation-ის თანახმად, ჩვენი ეკონომიკა მე-13 ადგილზეა მსოფლიოში თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენი მაჩვენებლები ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო კანონის უზენაესობა ყოველწლიურად ძლიერდება. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს ასოცირების დღის წესრიგს  და მის სამოქმედო გეგმას. ასე რომ, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ნატოსკენ სწრაფვის წინააღმდეგ გამოსვლა სრულიად ალოგიკურია, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას, ხოლო ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი.ჩვენ ვემხრობით ღირებულებებზე დაფუძნებულ ინტეგრაციას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზნები მიღწეული იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული შრომის შედეგად. 

რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში? რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა.როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი? ესაა მთავარი კითხვები. ბოდიში, მაგრამ ფრაზა ეკონომიკური ზრდის დაბალი სიჩქარის შესახებ იქ, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია,ძალიან სარკასტულად ჟღერს," - უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის რეპლიკას.

რუსეთზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ,,მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო. 
სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის. მეორე მხრივ, ეს პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე სხვა სახელმწიფოებისა და მეზობლების სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემის ძირეულ პრინციპებს."

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემისადმი მიძღვნილსესია - "აღმოსავლეთ სამეზობლო 2017," გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური