პრემიერმა ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილეებს მიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-27

ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში  მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და  ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში; მჯერა, სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ  ჩვენს თანამემამულეებთან ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა ყველას კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი - საყოველთაო დღესასწაული, არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, არამედ აქართველოს სხვა ქალაქებშიც, რომელიც მთელმა საქართველომ ერთხმად იზეიმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პოზიტიური ემოციისა და სიხარულის ფონზე იმართება  დიასპორის ფორუმი და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართული დიასპორის დღეს. დღევანდელი ჩვენი შეკრება და ეს ფორუმი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს სჭირდება თითოეული თავისი თანამემამულე, მათი ინტელექტუალური პოტენციალი და პროფესიული გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში  მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და  ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში. მჯერა, რომ სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ  ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ქართული სახელმწიფოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური მონაწილეობა იმ ქვეყნების ცხოვრებაში, სადაც დღეს თქვენ მოღვაწეობით", - მიმართა პრემიერმა ქართულ დიასპორას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული დიასპორის ასობით ათასი წარმომადგენელი წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს რესურსს, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში; საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის, უძველესი კულტურის პოპულარიზაციასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დადებითი იმიჯის დამკვიდრების საქმეში.

„თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიმართულებითაც, რომ ფართო აუდიტორია იყოს ინფორმირებული საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ ჩაერთოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ საინფორმაციო ცენტრებში და მათ საქმიანობაში მიიღოთ ძალიან აქტიური მონაწილეობა. ეს ცენტრები ემსახურება საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნის, იმიჯის წარმოჩენას.  ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მექანიზმის - სახალხო დიპლომატიის  ეფექტიანი მუშაობა და ამ პროცესში თითოეული თქვენგანის მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განათლების საკითხებს. ამიტომაც,  გადავწყვიტეთ, რომ გავზარდოთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს; განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქართული ენის შესწავლას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოსაზიდად. შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა და ვიმუშავებთ აქტიურად ახალგაზრდობის თითოეულ წარმომადგენელთან, რათა არც ერთი მისხალი რესურსი არ დაიკარგოს ჩვენი ქვეყნისთვის. გაღრმავდება ასევე პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" და დიასპორული სტაჟირების პროგრამა. საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებებში ძლიერდება დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულება, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ შევისწავლოთ დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები და რა თქმა უნდა, მივეხმაროთ მათ ამ პრობლემების გადაჭრაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მზარდ ტენდენციას ბოლო პერიოდში.

„გასული წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც ძალიან იმედისმომცემია. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ჩვენი დიასპორის დაინტერესებას საქართველოში ბიზნესის წარმოებით,  ასევე გვაქვს იმედი, რომ თქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, რათა საერთაშორისო ბიზნესწრეებში პოპულარიზაცია გაუწიოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს. ჩვენ სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამორჩეულად წარმატებული ადამიანები არიან, თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნების წინსვლაში, სადაც ისინი ცხოვრობენ; ასევე, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება, რასაც საქართველოს მთავრობა, საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შეუწყობს ხელს.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამემამულეს, რომელმაც წვლილი შეიტანა უცხოეთში ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის უძრავი ქონების შეძენის საქმეში და აღნიშნა, რომ ამას ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით უდიდესი როლი ენიჭება.

გიორგი კვირიკაშვილმა, თითოეული თანამემამულის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იმისთვის, რომ იგი მთელი 40 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ სითბოს უნაწილებდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის სითბო, რომელსაც ისინი იღებენ ჩვენი პატრიარქისგან. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ამ განსაკუთრებული სითბოსთვის და განსაკუთრებული ზრუნვისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ინიციატივას, რომლიც დაეხმარება ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, მის ეფექტიან თანამშრომლობას სამშობლოსთან, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განიხილება ინიციატივა, რათა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც შემდგომში საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სჭირდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.

„დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში და ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების აქტიურად დარჩენას საქართველოს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ დღევანდელი ფორუმი იქნება კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება, რათა გაგაცნოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დღეს ჩვენი სახელმწიფო სთავაზობს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, რათა თქვენი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში იყოს მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი იქნება ახალი შესაძლებლობების დასაწყისი. მინდა, თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ დიდი მადლობა იმ უდიდესი პატრიოტიზმისთვის, რომელსაც იჩენთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დიდი მადლობა დღეს ჩამობრძანებისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ გაბრწყინებულ, გაერთიანებულ საქართველოს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ქართულ დიასპორას.

დიასპორის დღესთან დაკავშირებული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრი, ფორუმზე ასევე წარადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიას  - „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური