საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-26

1 3

24

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული დღესასწაული მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, მთელ საქართველოს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს იმისთვის, რომ იზიარებენ ქართველი ხალხის სიხარულს დამოუკიდებლობის დღესასწაულისა, რომლისთვისაც ქართველმა ხალხმა ძალიან გრძელი და ეკლებით მოფენილი გზა გაიარა.

„26 მაისი ძალიან ძვირფასი დღეა ჩვენთვის. 99 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დღეს ჩვენმა ქვეყანამ თავისი ისტორიული მიზანი რეალობად აქცია. სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო ის ერთადერთი საშუალება, რომ თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი ქვეყანა შექმნილიყო. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობა ძალიან ხანმოკლე და მტკივნეული აღმოჩნდა, მან უდიდესი გავლენა მოახდინა ერის ცნობიერებაზე და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს საძირკველი სწორედ მაშინ ჩაიყარა. 26 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნა წართმეული სახელმწიფოებრიობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს 26 წელი საკმაოდ მძიმე იყო, დღეს ქართული სახელმწიფო წინ მიდის, ვითარდება და მტკიცედ ადგას დემოკრატიზაციისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, არა მარტო გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს, არამედ სწრაფად განვავითაროთ ქვეყანა და მივაღწიოთ ახალ და ახალ წარმატებებს. წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს სრულიად ახალი რეალობით შევხვდით - ევროპამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კარები გაუღო და უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა. დღეს მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ჩვენს მეგობარს, ვისაც სჯერა ქართული სახელმწიფოს ევროპული მომავლის და გვერდში უდგას ქართველ ხალხს ამ მიზნის მისაღწევად. მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ, გვიგულოთ საიმედო და ერთგულ პარტნიორად და მეგობრად. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს და ვუსურვებ ჩვენს თაობას, ჩვენი მომავალი თაობის იმ ულამაზეს წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ვიხილეთ თბილისის ქუჩებში გამოსული მომავლის იმედით, ანთებული თვალებით, რომ მათ ის იმედი და ნატვრა ახდენოდეთ, რასაც დამოუკიდებელი, ევროპული, თანამედროვე საქართველო ჰქვია. გილოცავთ!" - მიმართა სტუმრებს გიორგი კვირიკაშვილმა.

საზეიმო მიღებაზე პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან, მაკა ცინაძესთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოში სტუმრად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური