პრემიერ-მინისტრის გამოსვლა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-26

მოგესალმებით,
თქვენო უწმინდესობავ,
ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო პარლამენტის და მთავრობის წევრებო,
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო,
ოფიცრებო და ვეტერანებო,
პატივცემულო სტუმრებო,
ჩვენო თანამემამულენო,
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს!
ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმთავრეს დღესასწაულს, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას დღეს - ვულოცავ მთელ საქართველოს, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს!
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო!

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე განსაკუთრებული და გამორჩეულად ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის, რომლებმაც სწორედ ასეთ საზეიმოდ დღეს დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში. არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას! მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი მეომრის სახელს.

ჩვენო ჯარისკაცებო!

მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული მუდამ თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ, და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეებს გამოატარა ჩვენმა წინაპარმა და ჩვენი ერის ზნეობრივ კოდექსად იქცა.

დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისათვის, რომ განსაკუთრებული პროფესიონალიზმისა და სიმამაცისთვის საერთაშორისო აღიარება დაიმსახურეს.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ ამ დღეს ჩვენ ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს". ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და, როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის.

ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს.
დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანამიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს.
დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ევროპამ ფართოდ გაუღო კარები. და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დრო, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში.

მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს! თქვენ რომ გიყურებთ, ამის რწმენა კიდევ უფრო მემატება! ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ, ძლიერ ქვეყანას და ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ჩვენი ერთიანი სამშობლოთი!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ღმერთი იყოს თქვენი და მთელი საქართველოს მფარველი!