საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობა მკაცრდება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-25

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში  კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებისთვის, ნადირობის წესების დარღვევისათვის. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართლადარღვევის გამოვლენისას, ადგილზევე მოახდინონ დაჯარიმება.

 „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ასევე მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც და მოხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება. ვფიქრობთ, ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა და ვართ კიდეც. ყოვლად მიუღებელია გარემოს დაბინძურების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს. განსაკუთრებით მძიმე სურათია ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს. ეს კანონი კი დაგვეხმარება, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღოთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური