საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერი „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსებას ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-25

ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო ბაზრებზე ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახდენენ ინვესტირებას, ენდობიან ეროვნულ ვალუტას. ეს არის სამწლიანი ობლიგაციები 11%-ის შემოსავლიანობით და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე, ისტორიაში პირველად, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაცია დაფიქსირდა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ურისკო განაკვეთი, ანუ ის განაკვეთი, რომლითაც მთავრობა სესხულობს, კიდევ უფრო დაბალი იქნება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთაშორისო ინვესტორები ენდობიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა და მინდა, ყველას მივულოცო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ამ უდიდესი წარმატებისთვის „საქართველოს ბანკს" მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს 500 მილიონი ლარის რესურსი მიიმართება ქვეყნის ბიზნესის, საწარმოების, მეწარმეთა დაფინანსებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ინექცია იქნება.

„მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანხის მოზიდვა მოხდა არა უცხოურ, არამედ ეროვნულ ვალუტაში. ანუ ინვესტორმა, რომელიც ობლიგაციას ყიდულობს, იცის, რომ მას ლარში გადაუხდიან იმ ვალს, რომელსაც დღეს „საქართველოს ბანკი" მოიზიდავს. ანუ ის ენდობა ეროვნულ ვალუტას და საქართველოს, ენდობა იმ კურსს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. ეს არის ქვეყნის ნდობა, ქვეყნის წინგადადგმული ნაბიჯი და გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური