საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

017-05-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

ბატონო პრემიერ-მინისტრო,
პატივცემულო კოლეგებო,

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელთა მასპინძლობის პატივი გვერგო დღეს თბილისში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფორმატში. აღნიშნული ფორმატი ნათლად ასახავს იმ სრულიად განსაკუთრებულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ორ სახელმწიფოს აკავშირებს.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა. დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გვაკავშირებს. არ შეიძლება არ ითქვას, რომ თურქეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დღეს კი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ხალხი ამას განსაკუთრებით აფასებს.

სტრატეგიული საბჭოს ფორმატი ეფექტური მექანიზმია, მაქსიმალურად გაფართოვდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოები, დაისახოს ახალი პერსპექტიული მიმართულებები. ამასთანავე, საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ავითარებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.

ჩვენ გვქონდა ძალზედ ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა. შეხვედრის დროს, მოგვეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედების მაღალი ინტენსივობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

მხარეებს შორის გაიცვალა მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.

კმაყოფილებით აღვნიშნეთ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა, რაც აისახება მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში და იმ შედეგებში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში გაგვაჩნია - ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში და თურქეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე ამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. თურქეთი, ასევე ჩვენი საიმედო პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და ამ მიმართულებითაც მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.

შეხვედრის მსვლელობისას დავსახეთ ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივები. თურქეთი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ამასთანავე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს. დღეს ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ, რაც ამ მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ.

გამოვხატეთ განსაკუთრებული დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოებასა და მის ორმხრივ სარგებელთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართული პროდუქცია უფრო ფართოდ გავიტანოთ თურქეთის ბაზარზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად გავხსნათ კარი ორმხრივი თანამშრომლობისთვის.

მიმოვიხილეთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში წარმატებული თანამშრომლობა და პერსპექტივები. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ბაქო-თბილის-ყარსის პირველი განშტოების დასრულების მნიშვნელობა 2017 წლის ზაფხულისთვის, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას. დავაფიქსირეთ მხარეთა მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.

კმაყოფილებით აღვნიშნეთ მჭიდრო თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები კულტურის, იუსტიციის, საბაჟო და სხვა სფეროებში. ამ კონტექსტში მისასალმებელია დღეს ხელმოწერილი ორმხრივი დოკუმენტები ეკონომიკის, იუსტიციის, კიბერუსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ისედაც საფუძვლიან ორმხრივ სამართლებრივ ბაზას.

შეხვედრაზე ჩვენს კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ქალბატონებო და ბატონებო,

დასასრულს, მსურს აღვნიშნო, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის არსებობა თავისთავად ცალსახა დასტურია ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატული ნებისა და იმ სულისკვეთებისა, რომლითაც ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივესალმო თურქეთის პრემიერ-მინისტრს და დელეგაციას და გამოვთქვა რწმენა, რომ თბილისში გამართული შეხვედრები დამატებით იმპულსს შესძენს ისედაც სამაგალითო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ვადასტურებ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას, გავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა და ორ მეგობარ ერს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები.


თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი:


ჩვენ ძალზე პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა ჩავატარეთ, მოგვეცა საშუალება, გვესაუბრა ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებებზე, განგვეხილა დარგობრივი სამინისტროებს შორის აქტუალური საკითხები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამართულ შეხვედრას. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგები უახლოეს ხანში ნათელი გახდება. საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა თურქეთში, ქალაქ ანკარაში, გასული წლის ივლისში, შემაძრწუნებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი დღის შემდეგ ჩატარდა. აღნიშნული შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი იყო. ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ გადატრიალების მცდელობის ლიკვიდაცია. უმნიშვნელოვანესი იყო ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივი ვიზიტი თურქეთში, რომელმაც შეცვალა გეგმები, რათა დაედასტურებინა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ.
სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართა, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს ემთხვევა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და მინდა, ეს თარიღი წინასწარ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს.
ცივი ომის დროს, თურქეთი და საქართველო მოწინააღმდეგე ბანაკებში იმყოფებოდნენ, თუმცა 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ თანამშრომლობის ისეთ დონეს, რომელსაც სხვა ქვეყნები ასობით წლის განმავლობაში ვერ მიაღწევდნენ. ჩვენ მივაღწიეთ მეგობრულ, ძმურ ურთიერთობას ასეთ მოკლე პერიოდში, სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. ამჟამად, საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკური პრობლემები არ არსებობს. პირიქით, ჩვენ მრავალი მიმართულებით ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გვაქვს. თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდება და ჩვენ გვაქვს საშუალება, ამაში წვლილი შევიტანოთ. ჩვენ გვსურს, სავაჭრო ურთიერთობაში უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი და ერთობლივად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე. ორ ქვეყანას შორის ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია. იმან, რომ მოგზაურობისთვის უცხოური პასპორტებიც კი არ არის საჭირო, ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო დააახლოვა.
თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმებები აკავშირებს. ამ თანამშრომლობას რეგიონული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 25 წლის განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა მიაღწიეს მეგობრულ, კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობებს, რაც ნაკარნახევია გეოგრაფიით, სტრატეგიული თანამშრომლობის საჭიროებით და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. ორივე მხარე მივიღებთ სარგებელს თანამშრომლობის ყველა მექანიზმიდან და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ერთმანეთს ჩვენი ურთიერთობების გაფართოებაში. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, რომ აღნიშნული დინამიკა ღრმავდება. თურქეთი განაგრძობს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას - ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენული უფლებები. არავის აქვს უფლება, დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, თუ რამ შეიძლება წარმოიშვას, უნდა მოგვარდეს ურთიერთთანამშრომლობით. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩემს მიერ ხსენებული ორი პრინციპი.
ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რომელსაც საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას როგორც ნატოში, ასევე სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას და ქართულ მხარეს მივულოცოთ ეს მიღწევა.
რაც შეეხება ეკონომიკური ინფრასტრუქტურის თემას, ჩვენ გვქონდა საშუალება, შეგვეფასებინა ეს მიმართულება და დაგვეგეგმა ახალი გადაწყვეტილებები ამ სფეროში. უპირველეს ყოვლისა, გვწამს, რომ სავაჭრო მოცულობა არსებულ პოტენციალს არ ასახავს და ეს გახლავთ მიმართულება, რომელსაც ვიხილავდით. მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტი და გაგვეგრძელებინა შეხვედრები ამ სფეროში. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის ინტენსიფიკაციას, ახალი პროდუქტების ბაზარზე გატანას და მომსახურების სექტორს, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით, აღნიშნული ხელშეკრულების ჩარჩოებში, წლის ბოლომდე დასრულდება. დღესვე გაფორმდა სამართლებრივი დახმარების დოკუმენტები და შეთანხმება, 2017-2020 წლებისთვის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის თემაზე.
ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, გახლავთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ფაქტობრივად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა. პროექტის დასაწყისიდანვე, პირადად ვიყავი ჩართული მის რეალიზაციაში და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ პროექტი საბოლოო ფაზაზეა. ჩემი პატივცემული კოლეგა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს და იგი აქტიურად იყო ჩართული მინისტრობის დროსაც. ჩვენ ვახორციელებთ სამმხრივ პროექტს კავკასიის რეგიონში, რომელიც დაგვაკავშირებს ცენტრალურ აზიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან. ეს კავშირი მიგვიყვანს ფაქტობრივად ლონდონამდე და მოხდება ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის უფრო ინტენსიფიკაცია, რაც რეგიონისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. უახლოეს რამდენიმე თვეში აღნიშნული პროექტის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიას გავმართავთ სამი ქვეყნის მონაწილეობით.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩემს პატივცემულ კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ გიორგის. იმედი მაქვს, გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, სასარგებლო იქნება, როგორც თურქეთისთვის, ისე - საქართველოსთვის, ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ დღეიდან აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.