საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი იორდანიელ კოლეგას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-20

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, ჰანი მულკის შეხვდა.  საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იორდანიასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.  ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაფართოების პოტენციალს.  პრემიერმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების, წარმოებისა და ინვესტორთა ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. 

გიორგი კვირიკაშვილმა იორდანიელ კოლეგას საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი მიმართულებით - მმართველობის რეფორმით იორდანიული მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიელი პარტნიორებისთვის რეფორმის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.  მხარეები, ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მუშაობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.   პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურისტული ნაკადების ზრდის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობის მიერ იორდანიის მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა უწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში ასევე მნიშვნლოვან როლს შეასრულებს შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი დღეს, გიორგი კვირიკაშვილისა და ჰანი მულკის შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ლინა ანაბიმ მოაწერეს ხელი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური