საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ახალი კარი საქართველოსთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-18

ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით და საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დოკუმენტი იძლევა შესაძლებლობას, გაიზარდოს ინვესტიციები  საქართველოში და ქართული პროდუქცია მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე გავიდეს.   

„ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც საქართველოს ხდის მიმზიდველ  ქვეყნად ჩინეთიდან ინვესტიციებისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იქნება უმნიშვნელოვანესი ახალი ადგილების შესაქმნელად, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განსავითარებლად, რაც საქართველოსთვის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ღია ასეთი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და მინდა  მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ხელშეკრულების მომზადებაში,"- განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური