სპექტაკლი მსჯავრდებულთა მონაწილეობით რუსთაველის თეატრში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-16

1 2

3 4

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის თეატრში დღეს მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს - „12 განრისხებული მამაკაცი" დაესწრო. სპექტაკლში N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების 18 მსჯავრდებული მონაწილეობდა.

„შეიძლება, ილაპარაკო თამამი სიტყვებით, ბევრი რამ თქვა, მაგრამ ძალიან მძიმე და დიდი ემოციებით დატვირთული სპექტაკლი იყო. მინდა ვთქვა, რომ საოცარი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი რამეები ხდება, სადაც პატიმრები ასეთი ემოციებით დატვირთულ და ადამიანურ სპექტაკლს დგამენ. მინდა, პირველ ყოვლისა, ყველა მათგანს, ვინც დღეს სპექტაკლში მონაწილეობდა, ვუსურვო ოჯახებში მალე დაბრუნება და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სპექტაკლის რეჟისურა, ადაპტირებული სცენარი და მუსიკა თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. დამდგმელი რეჟისორი კი, გურამ ბრეგაძეა.
სპექტაკლს რუსთაველის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაყურებელთა რიგებში იმყოფებოდნენ სპექტაკლის მონაწილე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები და 120-მდე მსჯავრდებული.

სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური