საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-12

1 3

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა და ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება, რის შედეგადაც ღრმავდება ეკონომიკური კავშირები.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ესტონური ინვესტიციების ზრდას მიესალმება.
საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქების უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში, ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სექტორულ თანამშრომლობას. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ასევე მისასალმებელია ესტონელი ექსპერტების ჩართულობა საქართველოს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდაში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საგანმანათლებლო სფეროში არსებუბლი თანამშრომლობა და აღნიშნეს, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოში მიიწვია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური