საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი მიმართვა პრესისადმი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-12

1

2 3 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა სტუმრობა ესტონეთში - საქართველოს ერთგულ მეგობარ ქვეყანაში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ესტონეთში პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა მანამდე არაერთხელ ვარ ნამყოფი თქვენს ქვეყანაში. ესტონეთს პირველად 31 წლის წინ ვესტუმრე, როდესაც საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი. სამი წელი გავატარე აქ და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სულისკვეთებამ, რომელიც აერთიანებდათ ესტონელებსა და ქართველებს - დამოუკიდებლობის სულისკვეთებამ.

პირველ რიგში, გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, რომლის ფუნქციების შესრულებას თქვენ ახლო მომავალში დაიწყებთ. ეს არის გამოწვევებით აღსავსე ამოცანა, რომელიც თქვენ გეკისრებათ ევროკავშირისთვის გადამწყვეტ პერიოდში. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას ერთიანი ევროპის შესახებ ჩვენი საერთო ხედვის ხორცშესხმაში.

ჩვენ მივესალმებით ესტონეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს თქვენი მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ბრიუსელში, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მოიტანს პრაქტიკულ შედეგებსდა, ამავე დროს, დასახავს ჩვენი ურთიერთობების განვითარების შესახებ მომავალზე და წინსვლაზე ორიენტირებულ ხედვას.

ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ამ მხარდაჭერისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე. უვიზო რეჟიმის შემოღება კი გახლავთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ესტონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს ამ რთულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა რეფორმების კიდევ უფრო გააქტიურება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ევროკავშირთან ასოცირების ყველა პრაქტიკული სარგებელი.
2017 წელი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისაც, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი.
ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და მტკიცე პარტნიორობის შედეგები თავადვე მეტყველებენ ჩვენს წარმატებაზე.

სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, რის შედეგად იზრდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისი სტატისტიკა - გასულ წელს დაფიქსირდა 21-პროცენტიანი ზრდა. ჩვენ მივესალმებით ესტონური ინვესტიციების ზრდას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ასევე - ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ესტონელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთათვის ახლახან დამტკიცებული უვიზო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურებს ადამიანებს შორის კონტაქტებს. გარდა ამისა, ის საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ესტონეთის მაგალითზე თავად გაეცნონ ევროინტეგრაციის დადებით შედეგებს.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან - საგადასახადო რეფორმა, რომელიც ხორციელდება ესტონური მოდელის საფუძველზე და უკვე წარმატებით უზრუნველყოფს ახალი დინამიკის შემოტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში; მეწარმეობის ხელშეწყობა, ელექტრონული მმართველობა, საგანმანათლებლო რეფორმა. ამავდროულად, ხშირად ხორციელდება ჩვენს უწყებებსა და შესაბამის სამინისტროებს შორის მაღალი რანგის ვიზიტები და უპრეცედენტო თანამშრომლობა. ესტონელი ექსპერტები მუშაობენ თითქმის ყველა სფეროში და წვლილი შეაქვთ ჩვენი საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდაში. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ესტონეთს განათლების მისაღებად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს სტუდენტები გახდებიან მომავალში ესტონეთის კულტურის ელჩები საქართველოში.
კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ესტონეთი არის მისაბაძი მაგალითი საქართველოსთვის. მოგახსენებთ დიდ მადლობას მეგობრობისა და პარტნიორობისთვის ამ წლების განმავლობაში, ასევე ჩვენი ყველა ძალისხმევის მხარდაჭერისთვის, ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგის ჩათვლით.

რასაკვირველია, ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული აგრესიული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ, აფხაზეთში გამყოფი ხაზების მიმდებარედ ე.წ სასაზღვრო პუნქტების გაუქმების, ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო რეფერენდუმისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ არჩევნების ჩათვლით.

ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ჩართულობის და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი.
გარდა ამისა, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ესტონეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ესტონეთისთვის - მე-19 საუკუნიდან მოყოლებული აფხაზეთში მცხოვრები ესტონელებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები.
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას მასპინძლობისა და ამ რთულ პერიოდში საქართველოს მხარდაჭერისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეკონომიკისა თუ სხვა სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება. ნება მომეცით, ოფიციალურად მიგიწვიოთ საქართველოში თქვენთვის ხელსაყრელ დროს.


ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი:

ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ძვირფასი კოლეგის, ბატონი პრემიერ-მინისტრის მასპინძლობა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!
ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებობს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები. ივნისში ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დაუშვებელია იმის უგულებელყოფა, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დიდიწარმატება.
აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ესტონეთის გრძელვადიან პრიორიტეტს და ჩვენი მიზანია მისი განმტკიცება ესტონეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც ივლისში იწყება.

როგორც იცით, 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაღალი რანგის წარმომადგენლობა და რეალური შედეგები ამ სამიტზე.მოვუწოდებ ჩემს ძვირფას კოლეგას, სრულად გამოიყენოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი კონკრეტული გზები შესაბამისი მიზნების მისაღწევად და საქართველოში რეფორმების გასაღრმავებლად.
ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის, განათლების, ელექტრონული მმართველობის სფეროებში, ასევე - ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან პოზიტიურია.

შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები. მიმაჩნია, რომ ამისთვის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ესტონური საგადასახადო მოდელის ადაპტირება ამის ნათელი მაგალითია. მეორე მხრივ, აუცილებელია ორმხრივი ინვესტიციების გაზრდაც.
კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!