საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა სენატორ ტომ კოტონთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-09

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრმა, სენატორმა ტომ კოტონმა.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების თემებზე და ხაზი გაუსვეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას. სენატორმა ტომ კოტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე სამშვიდობო მისიებში. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლი რეგიონში და ხაზი გაესვა საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. სენატორმა ტომ კოტონმა გამოხატა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები და ის ახალი შესაძლებლობები, რასაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იძლევა.

აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური