საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-09

ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტში ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ."

"ეს ნიშნავს იმას, რომ, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს გახლავთ აშშ-ის სანდო პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური