საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-09

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა. საუბრის ძირითად თემას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობები წარმოადგენდა. საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრეზიდენტისგან მიიღო გარანტია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით გაღრმავდება, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და კულტურული ურთიერთობების კუთხით. ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში გატარებული რეფორმები. მაიკ პენსმა ასევე დაადასტურა თეთრი სახლის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აშშ-ი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განიხილეს რეგიონალური გამოწვევები, გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და განმარტეს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების როლი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური