საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-05

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

„უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, რომელიც კიდევ სხვა მრავალი წარმატების საწინდარი გახდება მომავალში. ევროკომისრის ვიზიტიც სწორედ იმ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და შეჯერებას ემსახურება, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან. შეხვედრისას ევროკომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებას. პირველ რიგში, ჩვენი საერთო მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, რაც ჩვენს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. ეს ინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შეთანხმება ქმნის ეკონომიკური ზრდისთვის სრულიად განსხვავებულ, უკეთეს პირობებს და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას ემსახურება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს - მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და პლურალისტური მედია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება; ანგარიშვალდებული მთავრობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მაღალი ხარისხი; ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; ახალი ინიციატივები რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა.


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ყოველივე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც მთავრობისაგან, ასევე საზოგადოების ყველა წევრისაგან. პრემიერმა ფასდაუდებელი უწოდა ევროკავშირის დახმარებას ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში.
ევროკომისიასთან ერთად, საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნა იგეგმება. იდეა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ეკუთვნის, რისთვისაც მას პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, უკვე მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ამით, სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას. მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ევროკავშირში მობილობის კუთხით - სულ უფრო მეტი სტუდენტი-ახალგაზრდა, პროფესორ-მასწავლებელი იყენებს ევროკავშირის საგანმანათლებლო, ახალგაზრდული თუ კულტურული პროგრამებით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს. ევროპული სკოლა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა ქვეყნების ახალგაზრდებისთვისაც იქნება ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელი", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარს, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, იმ პირადი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა და შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პროცესში; ასევე - მთელ მის გუნდს იმ ყოველდღიური ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს უწევენ.

საქართველოსადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა.
„ნება მომეცით, პირველ რიგში მოგილოცოთ უმნიშვნელოვანესი მიღწევა - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში სრულად შესვლა. აღსანიშნავია, რომ ამ დროის მანძილზე უკვე ათი ათასზე მეტმა ქართველმა შეძლო ამ შესაძლებლობის გამოყენება და ევროპაში გამგზავრება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი ჩანაფიქრის შესაბამისად - საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ყოველგვარი გართულების გარეშე იმოგზაუროს ევროპაში. ესაა უდიდესი მიღწევა ადამიანების დაახლოებისა და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების დამყარების კუთხით", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განსაკუთრებულ ხასიათს და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის საქართველომ ძალ-ღონე არ დაიშურა;
„ის ახორციელებს შესანიშნავ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფენ. მინდა ასევე აღვნიშნო საქართველოს მონდომება, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტ შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას დაგეგმილი რეფორმების დანერგვის პროცესში. მინისტრ დოლიძესთან დადებული შეთანხმება ამას ადასტურებს. ეს ხელს შეუწყობს ენერგეტიკის, სავაჭრო სისტემის ფასილიტაციის, სახელმწიფო შესყიდვებისა და საბანკო სერვისების ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნას და დაეხმარება საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს ორ უმნიშვნელოვანეს პროექტში - კრეატიული ევროპა, რომელიც კულტურული და კრეატიული სფეროების განვითარებას უწყობს ხელს და ჰორიზონტი 2020, რომელიც კვლევასა და ინოვაციებზე ფოკუსირდება. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს", - აღნიშნა ევროკომისარმა.
იოჰანეს ჰანმა ასევე ისაუბრა საქართველოში ინოვაფციების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ეს პოტენციალი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რასაც ევროკავშირი ხელს შეუწყობს.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის ჩართულობას.
იოჰანეს ჰანმა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისში ევროპული სკოლის გახსნაზე, რომელიც ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობისთვისა და პირადად მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„რა არის ევროპული სკოლა? რა იდეა დგას მის მიღმა? ეს იქნება ასეთი ტიპის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი მიზანი იქნება მრავალენოვნების დამკვიდრება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ და მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ უამრავი ენა გვაქვს. ევროპაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია რამდენიმე მათგანის ცოდნა მაინც. ამასთან, არსებობს უამრავი კულტურა, მრავალფეროვანი ისტორია და აუცილებელია, მეტი ცოდნის მიღება ამ მიმართულებით. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ეს სკოლა. ამ ტიპის დაწესებულებისათვის საპილოტე ქვეყნად საქართველო შევარჩიეთ და მოხარული ვარ, რომ ეს იდეა აქ ასე აიტაცეს. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა სრულად შეესაბამება თქვენს გეგმებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გამყარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროკომისარმა და აღნიშნა, რომ ამ გზით, საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ნიჭიერ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისწავლონ ევროპული კულტურა, ენები, აითვისონ შესაბამისი უნარები და ხელს შეუწყობს მათ, ადვილად განაგრძონ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში.


იოჰანეს ჰანმა, პრესკონფერენციაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისი თქმით, ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარების მიზნის ერთგულია და განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რასაც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანგარიში ადასტურებს.

„მოდით, დავიწყოთ ჩვენი ევროპული პროექტი აქ, ამ ქვეყანაში, როგორც ნიშანი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ხანგრძლივი ერთგულებისა", - განაცხადა ევროკომისარმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური