საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლისაა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-01

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლისაა. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა კონსერვატორიის პროფესორებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მუსიკოსებს, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ქართულ სამუსიკო ხელოვნებას და მსოფლიოს აცნობენ საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანას.

„ამ 100 წლის განმავლობაში თბილისის კონსერვატორია არასოდეს ყოფილა უბრალოდ სამუსიკო განათლების ცენტრი, ის ყოველთვის იყო საერთაშორისო მასშტაბის კულტურული და საგანმანათლებლო კერა. ამ პერიოდის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ ბევრი გამოჩენილი მუსიკოსი აღუზარდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს არის ლოგიკური გამოხატულება იმ უმაღლესი რანგის პროფესიონალიზმის, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ამ საგანმანათლებლო კერას. მინდა, ყველა პედაგოგს, პროფესორს, რომლებსაც ამ კედლებში უმოღვაწიათ და დღესაც შრომობენ, გადავუხადო უდიდესი მადლობა,"-განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისის კონსერვატორია რეგიონული მნიშვნელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელია. პრემიერ-მინისტრმა გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა კონსერვატორიის რექტორს, რეზო კიკნაძეს და რექტორის მოადგილეს, მანანა დოიჯაშვილს.
კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელიც 15 ღონისძიებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური