საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-27

 

ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში, ისე როგორც საქართველო არის ჩვენი დამაკავშირებელი აღმოსავლეთთან, - ამ სიტყვებით დაიწყო რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა,  ლივიუ დრაგნეამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური  და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ლივიუ დრაგნეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი რუმინეთისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დღეიდან კიდევ უფრო მაღალ, სტრატეგიულ  დონეზე გადავიდა.

გიორგი კვირიკაშვილმა და  ლივიუ დრაგნეამ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ  საქართველო და რუმინეთი იწყებენ დეკლარირებული მიზნებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას - უახლოეს პერიოდში მუშაობას შეუდგება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც განიხილავენ კონკრეტული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების პრაქტიკული განხორციელების საკითხებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის მთავრობები დაინტერესებულები არიან მაქსიმალურად აითვისონ სხვადასხვა სექტორში არსებული უზარმაზარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით გააქტიურება ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტი და ახლო მომავალში გაიმართება ბიზნესფორუმები ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუმინეთის უდიდეს როლს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური