საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა შემოსავლების სამსახურს 10 წლის იუბილე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-25

ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, ამავდროულად, ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების და რეფორმების 10 წელი განვლო და იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ.

„ეს არის სამსახური, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია და ეს როლი მდგომარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ტოლობის ნიშნის დასმაში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს იმ ფუნქციების შესრულებაში, რომელიც სახელმწიფოს აკისრია და მეორე მხრივ უდიდესი ნდობის ჩამოყალიბებას შორის, რომელსაც დღეს ნამდვილად აქვს ადგილი საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც გულისხმობდა როგორც ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვას, ელექტრონული ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას, ასევე - საგადასახადო ლიბერალიზაციას.

„ამ რეფორმას, რომელიც ჩვენ ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში წამოვიწყეთ, უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ეს არ იყო მარტივად გადასადგმელი ნაბიჯები და ჩვენ, ვიცოდით რა, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქვეყნის განვითარებისთვის, გადავდგით ეს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა მივიღოთ ერთი მხრივ, მეტი ჟანგბადი კერძო სექტორში ახალი ინვესტიციებისთვის და მეორე მხრივ, მოგვიწია გარკვეული ფისკალური ზომების მიღება იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში დაგვეფინანსებინა საბიუჯეტო შემოსავლები. დღეს გვაქვს ფისკალური სურათის ძალიან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების პროცესი და ეს აღნიშნულია, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე - სარეიტინგო სააგენტოების მიერ. ეს ტენდენცია სახეზეა და ის შეუქცევადია. სახეზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენ დროსა და სივრცეში აბსოლუტურად სწორად გაზომილი და გათვლილი ნაბიჯები განვახორციელეთ, რათა მიგვეღო ეს ტენდენცია, რომელიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო მოგების გადასახადის გაუქმება და ე.წ ესტონური მოდელის დანერგვა, რაც მარტივი არ ყოფილა.

„მაგრამ, ამან მოიტანა ორი რამ: პირველი - გამოათავისუფლა ძალიან დიდი რაოდენობით საინვესტიციო რესურსი. მე ყოველდღე ვხვდები ბიზნესმენებს და მათგან ვისმენ, თუ რა რაოდენობით რეინვესტირება მოხდა სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე, რადგან ეს რესურსი გათავისუფლდა მოგების გადასახადისგან. მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი - მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის ძალიან ცნობილი შოტლანდიელი ბიზნესმენის თომას დევარის სიტყვები. იგი გახლავთ შოტლანდიური ვისკის ჩამომსხმელი კომპანიის დამფუძნებელი და მან თქვა სიტყვები, რომელიც პირდაპირ ესადაგება დღევანდელ დღეს - „იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე გადაიხადო მოგების გადასახადი, არის ის, რომ დაამტკიცო, რომ შენ არ გაქვს გადასახდელი მოგების გადასახადი“. მოგების გადასახადისგან გათავისუფლებამ მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული წნეხის შემცირება კერძო სექტორზე, რადგან მათ ამის დამტკიცება აღარ უწევთ და პირდაპირ ახორციელებენ რეინვესტიციებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.