საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-21

„უნგრელო მეწარმეებო, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიუხედავად, გთხოვთ განიხილოთ ეს ქვეყანა და ის მდგრად, სანდო საგარეო პოლიტიკისა და ბიზნესის კეთების ადგილად მიიჩნიოთ,"-ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, უნგრეთის დელეგაციას მინდა ვუთხრა, რომ შევიქმენი პერსონალური წარმოდგენა და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს სტაბილური ქვეყანაა. პრემიერ-მინისტრი მანამდე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი გახლდათ. ის არასდროს იტყვის ამას, მისი თავმდაბლობიდან გამომდინარე, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალი დონის ეკონომიკის მინისტრი არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ახლა, როგორც პრემიერ-მინისტრი, იგი ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტიცაა. დღევანდელი საუბრების შედეგად დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობამ ამ ქვეყნის რეფორმირების კუთხით ბევრი ისეთი ღონისძიება გაატარა, რაც ჩვენც განვახორციელეთ გასულ წლებში. მე ვნახე საგადასახადო სისტემის მოდერნიზების, განათლების სისტემის მოდიფიცირების, ეკონომიკურ საჭიროებებთან საგანმანათლებლო სისტემის უმაღლეს დონეზე დაახლოების, მათ შორის ბიუროკრატიის მოდერნიზებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული მრავალი პროგრამა,"-აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებზე ისაბრა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ და მტკიცე კულტურულ კავშირებს.
„მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნგრეთს ძალიან ცოტა ქვეყანასთან არ ჰქონია ომი წარსულში, ძალიან ცოტა ქვეყანასთან არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი ამჟამად და ძალიან ცოტა ქვეყანასთან აწყობს სამომავლო გეგმებს. საქართველო ამ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორისაა. მინდა წავახალისო ბიზნესსაზოგადოება, გამოიყენოს აქ არსებული შესაძლებლობები. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში და მინდა აღვნიშნო, რომ ქართველებს რეპუტაციისა და საიამაყის საოცარი განცდა აქვთ. ეს უნგრელებისთვისაცაა დამახასიათებელი. აქაური ამბიცია უნგრულსას ჰგავს. რაც შეეხება ბიზნესშესაძლებლობებს, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ პოლიტიკოსებმა გავაკეთეთ ყველაფერი ბიზნესსაზოგადოებებს შორის თანამშრომლობისათვის,"-განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უნგრეთი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორია, რომელთანაც კიდევ უფრო გაძლიერდება და გააქტიურდება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

გიორგი კვირიკაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპული ბიზნესსაზოგადოებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის ურთიერთობებს დინამიური უწოდა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ბიზნესშესაძლებლობებზე და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა.

"საქართველო პატარა, თუმცა უზარმაზარი ენერგიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ევროპასა და აზიის გზაგასაყარზეა. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (DCFTA-ს ჩათვლით), ჩვენ ევროპული მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვის კუთხით. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული და ჩვენ ვახორციელებს რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებლი წინაპირობაა. საქართველოს მთავრობა ახდენს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციას,"-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც მოიცავს საგარეო ვაჭრობის გამარტივებულ რეჟიმსა და სავაჭრო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მინიმალურ არასატარიფო რეგულაციებს.

"ღია ბიზნესგარემოსთან ერთად, გასათვალისწინებელია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა - საქართველო, ერთი შეხედვით, შეიძლება მცირე ბაზრად მოგვეჩვენოს, თუმცა საქართველო, როგორც რეგიონალური ჰაბი, სრულიად სხვა სურათს გვთავაზობს. საქართველო არამარტო სამხრეთ კავკასიის გზაგამტარია, არამედ ის ხსნის გზას ცენტრალური აზიის, ევროკავშირისა და შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების გზით ვქმნით შესაბამის ნორმატიულ წვდომასაც,"-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უნგრეთი სრულად აითვისებს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალს და უდიდეს შესაძლებლობებს, რასაც, მისი თქმით, ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება.

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება და მას უნგრეთისა და საქართველოს წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური