საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუმასპინძლო ჩემს უნგრელ კოლეგას საქართველოში და დელეგაციას ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან.
მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა; თანამშრომლობის პოზიტიურ ზრდაზე მეტყველებს პოლიტიკური ურთიერთობის სიხშირეც, რაც ორმხრივი ვიზიტებისა თუ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში გამართული შეხვედრების ინტენსივობაში გამოიხატება. იმავდროულად, მიზნად ვისახავთ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას; ამ კუთხით, კმაყოფილებით აღვნიშნავ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდას საქართველოში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიის, თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში დაგეგმილი პროექტებისადმი;

იმედს გამოვთქვამ, რომ ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დღევანდელი ბიზნესფორუმიც. აღსანიშნავია, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის; აღსანიშნავია საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს; მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან, უნგრული ავიაკომპანია "Wizz Air" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული;

განსაკუთრებული მადლიერებით მსურს გამოვყო თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; ამასთან, ორმაგად სასიხარულოა, რომ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, 50-ის ნაცვლად, უკვე 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს ხსენებული სტიპენდიებით სარგებლობას. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს იმისთვის, რომ მან დღეს გააჟღერა ინიციატივა ასევე საშუალო განათლების მიმართულებით მათი მხრიდან სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საშუალო განათლების დონეზეც შეიძინონ პრაგმატული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე;

საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ამ გზაზე;
დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ შენგენის სივრცეში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა.
უვიზო მიმოსვლა დიდი სტიმულია იმისათვის, რომ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი და ქვეყანაში დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები და ნორმები;
ამ თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმების სრულად განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია. ვიმედოვნებთ, რომ უნგრეთი, როგორც ყოველთვის, საქართველოს გვერდით იდგება ამ საპასუხისმგებლო პროცესში;
უნგრულ მხარეს კიდევ ერთხელ ვუთხარით მადლობა საქართველოს თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საქართველომ, როგორც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ, დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ალიანსის ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით;
საუბრის დროს სერიოზული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების განხილვას;
ხაზი გავუსვით 12 მარტს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ჩატარებული არჩევნების, ასევე რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, რაც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია;

ზემოხსენებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის - მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას;
მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას და ჩვენ მადლობა გადავუხადეთ უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

წელს აღინიშნება საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. ამ პერიოდში მიღწეული შედეგებით, მართლაც, შეგვიძლია ვიამაყოთ.
დასაფასებელია, რომ უნგრეთი მუდმივად აფიქსირებდა და დღემდე აფიქსირებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ჩვენს უნგრელ მეგობრებს გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო;
კიდევ ერთხელ გამოვხატავ კმაყოფილებას ჩვენი ქვეყნების მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობებით და მინდა, სიტყვა გადავცე ჩემს უნგრელ კოლეგას.
აქვე, მინდა, ემოციურ ნაწილში ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მწერალი, უდიდესი პოემის, "ვეფხისტყაოსნის" ავტორი, მოგეხსენებათ, კარგად არის ცნობილი უნგრეთშიც. პრემიერ-მინისტრმა გუშინ გვითხრა, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი არის მის რეზიდენციასთან ახლოს. მინდა ვთქვა, რომ უამრავი ქართველი ბავშვისთვის ეს პოემა ცნობილი გახდა გამოჩენილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მეშვეობით. ასე, რომ უამრავმა ქართველმა თაობამ, როდესაც ისინი "ვეფხისტყაოსანს" სწავლობდნენ, ეს უდიდესი ნაწარმოები შეისისხლხორცა უნგრელი გამოჩენილი მხატვრის ილუსტრაციებით, რომელმაც 1881 წელს, ილუსტრაციების შესრულებისას, უარი თქვა ანაზღაურებაზე, საქართველოსა და შოთა რუსთაველის პოემის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ასე, რომ ეს არის შესანიშნავი ფუნდამენტი, რომელიც ქმნის ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის უზარმაზარ პოზიტიურ სენტიმენტს და, რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სენტიმენტებზე იქნება აგებული.
დიდი მადლობა.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი:

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო.
საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღნიშვნა ჩემთვის არის დასტური იმ შესანიშნავი კონტაქტებისა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და რომელსაც მომავალშიც განვაგრძობთ. ჩვენთვის ეს ურთიერთობა განსაკუთრებულია. ჩვენ არასოდეს ვმალავდით, რომ უნგრელები ვართ ერი, რომელმაც მიგრაცია განახორციელა აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ჩვენ ვამაყობთ იმ კვლევებით, რომელსაც ატარებენ ჩვენი მეცნიერები კავკასიაში და ვცდილობთ, ვიპოვოთ კავშირები, რომლებიც წარსულში არსებობდა. ასევე ვცდილობთ, გავაღრმავოთ კულტურული კავშირები. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გარკვეულწილად ნათესავები ვართ და ჩვენი ერი ამაყია იმით, რომ ერთმანეთთან მეგობრობს და ერთმანეთს მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს მომავალი მეგობრობისა. დამოუკიდებლობა საკმაოდ რთული ამოცანაა. ორივე ქვეყანას გააჩნია იმპერიის ნაწილად ყოფნის ისტორია. იმპერიები დაიშალა და დღეს ჩვენ სუვერენული სახელმწიფოები ვართ. საქართველომ შეძლო, ათასწლეულების განმავლობაში შეენარჩუნებინა თავისი კულტურა. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა გრძელდება, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა, თუმცა სავაჭრო მიმართულება არ არის ისეთ მაღალ დონეზე, ამიტომ, ჩვენი ვიზიტის მიზანია, გამოვხატოთ მზადყოფნა, გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნების პოტენციალი.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საქართველო-უნგრეთის შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა იმისთვის, რომ განვავითაროთ ეკონომიკური კავშირები. ჩვენი სურვილია, მივიღოთ მონაწილეობა თქვენს ეკონომიკურ მოდერნიზაციაში, გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები და უნგრეთის მხრიდან ეს სურვილი გაძლიერდება. უნგრეთის მხრიდან 90 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ხორციელდება სავაჭრო მიმართულებით. მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ თანამშრომლობის ეს ჩარჩო უნდა გავაფართოოთ.

ბიზნესდელეგაციები, რომლებიც ჩამოდიან უნგრეთში, მუშაობენ ურბანულ, ფარმაცევტულ, სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქციის და სამშენებლო სფეროებში. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ამ დელეგაციებს.
ჩვენ ასევე დიდი სიამოვნებით ვიღებთ ქართველ სტუდენტებს. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ახალი ინვესტიციები განათლების მაღალი დონიდან გამომდინარეობს. ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველო და უნგრეთია, ეს შესაძლებლობა კარგად უნდა გამოიყენონ.
მე გამოვედი წინადადებით, სოფლის მეურნეობისა და ინგლისური ენის შესწავლის სფეროში გაფართოვდეს ქართველი სტუდენტების მონაწილეობა. ჩვენ მივესალმებით საშუალო განათლების და სკოლის მოსწავლეებს უნგრეთში და მინდა აღვნიშნო, რომ ის გზა, რომელსაც გავდივართ, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის.

ჩვენ მივიწვიეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპისა და უნგრეთის სამიტზე, რომელიც სექტემბერში ბუდაპეშტში გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სამიტზე საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი იქნება.
მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, უვიზო რეჟიმის მიღების პროცესში. უნგრეთი ყოველთვის განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ენთუზიაზმით ვუდგებით ევროკავშირის გაფართოებას და ევროკავშირის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. უვიზო მიმოსვლის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქართველი სტუდენტები ამ თავისუფლებას გამოიყენებენ. ჩვენ ვაფასებთ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.
დიდი მადლობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური