საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-20

„ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, საქართველო გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში - მან გაუძლო ბევრ დარტყმას - ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემი ხედვაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით. ეს გვმატებს მოტივაციას, განვაგრძოთ საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ - გასული ოცდახუთი წლის მანძილზე ჩვენ სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიკურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდავიქმენით. ქართველმა ხალხმა მიზნად დაისახა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება - ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების უფრო მაღალი ხარისხის საწინდარია. დადგა დრო, დავადასტუროთ და გავამყაროთ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს შორის, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას," - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საჭიროა შავი ზღვის რეგიონი ეკონომიკური თანამშრომლობის ზონად გარდაიქმნას. მანვე ყურადღება გაამახვილა ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის პროექტს, რომელსაც საქართველო დასავლელი პარტნიორების დახმარებით აშენებს.
„ეს არის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაში ინვესტირების ნათელი მაგალითი. ეს აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი ელემენტიცაა, რადგან აბრეშუმის გზა რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიას სრულად შეცვლის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ შესაძლებლობით, მონაწილეობა მივიღოთ რეგიონალურ და გლობალურ პროგრამებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსათვის სასიკეთოა. ახალი აბრეშუმის გზა არა მარტო მატარებლებს ან გემებს ან კილომეტრებს და მილებს ეხება. ეს თანამშრომლობის ღერძია, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება, რადგან აქვს ყველა მონაცემი, მიაღწიოს მდგრად წესრიგს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, პრაქტიკულად, ყველა სასიცოცხლო ინტერესის გზაგასაყარზეა, რაც მას მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების სანდო პარტნიორად აქცევს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ დიალოგისა და კოორდინაციის გზით მიიღწევა სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესს წარმოადგენს.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის (STRATPOL) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური