საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ინდოეთთან თანამშრომლობა აქტიურდება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-13

 

 

ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ჩვენ ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამ მიზნით, ინდოეთში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ინდოეთის კომერციის მინისტრთან ერთად, ხელი მოაწერა საერთო განცხადებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, კვლევის სავარაუდო ვადაა 6 თვე, თუმცა, ორივე მხრიდან მიზანშეწონილობის დაფიქსირების შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უფრო მოკლე დროში გაფორმდება.

„ეს არის ქვეყანა 1 მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარია. 2016 წელს მათი ეკონომიკის ზრდა იყო 7,5% და ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა. ხუთ სამინისტროში გაიმართა შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ, მათ შორის - საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანი თემაა სატრანსპორტო კორიდორი სამხრეთი-ჩრდილოეთი მუმბაი-ბანდერაბასი-აზერბაიჯანი, რომლის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის, სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის პორტებზე. ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, უახლოეს მომავალში დაიგეგმოს ჩვენი რკინიგზის ვიზიტი, რომ ტექნიკურ დონეზე დაიწყოს ამ თემის შესწავლა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური