საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა NDI–ის წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-11

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს-ვერმონტის შტატის ყოფილ გუბერნატორს, NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, ჰოვარდ დინს და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს, ლორა თორნტონს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრი, მათ შორის მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმები. ყურადღება გამახვილდა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე-საჯარო მმართველობის რეფორმაზე, რომლის განხორციელებაც, მხარეთა შეფასებით, მნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს და საქართველოს განიხილავს როგორც ამერიკის სანდო პარტნიორს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და NDI-ის საქართველოს ოფისის საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი თეონა ყუფუნია დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური