საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველო ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორია ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-06

მინდა, მოგილოცოთ „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" გაფორმება, რადგან ამ შეთანხმებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმების ხელმოწერას. გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომლითაც, საქართველო ხდება ევროპული წესრიგის ნაწილი. ამ დოკუმენტის თანახმად, გვექნება, პრაქტიკულად, ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სტრუქტურებთან. ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცილებით მეტ ოპერატიულ შეხებას ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ევროპოლთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ სტრუქტურებთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის ფონზე. მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულება უპირველეს ყოვლისა არის პასუხისმგებლობა, რომელიც ღირსეულად უნდა ვატაროთ, როგორც ევროპის სანდო პარტნიორებმა," - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური