საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა ქუთაისში სამკერვალო „იმერის“ ახალი საწარმო დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში დღეს სამკერვალო „იმერის" ახალი საწარმო დაათვალიერა, რომელშიც 200-მდე ადამიანი დასაქმდება. 90-წლიანი საქმიანობის ისტორიის მქონე საწარმო ახლახან, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსის - 315 ათასი ევროს მეშვეობით გაფართოვდა. სამკერვალო, რომელშიც 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად, ტანსაცმელს აწარმოებს. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი წარმოებისა და პროფესიული სასწავლებლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება დასაქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. პრემიერი "იმერის" მაღაზიაშიც იმყოფებოდა, სადაც საწარმოში შეკერილი ტანსაცმელი იყიდება. საქართველოში „იმერის" სამი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთი თბილისშია. ფაბრიკა უცხოელი დამკვეთების მიერ მოწოდებული ნედლეულით მუშაობს და თანამშრომლობს, როგორც გერმანულ ფირმა „ლებეკსა" და იტალიურ „ეგერია ლიმიტედთან", ასევე - ქართველ დიზაინერებთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური