შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-28

ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის-ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება. ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს მიღწეულ შედეგს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთი დასტურია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის აღიარების.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, ხოლო ევროკავშირმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ევროპული არჩევანი კონკრეტული შედეგების მომტანია და რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის დარღვევებისა და არალეგალური მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური