საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-28

 

ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია.

პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართა. დონალდ ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა მიულოცა.

პრემიერის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მოტივაციაა ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური