საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-27

საქართველოს, შემოდგომაზე, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომის შედეგებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელი კოლეგა "აბრეშუმის გზის" ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ნოემბერში იგეგმება.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. პრემიერ-მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელიც აპრილში კიევში გაიმართება.

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური