საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის დავალება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებს შეეხო. მისი თქმით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს, ხოლო დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს დროულად არ უხდიან.

გიორგი კვირიკაშვილმა მსგავს ფაქტებზე მკაცრი რეაგირება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს და სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე, საკმაოდ უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა. განსაკუთრებით ეს ეხება მუნიციპალური ტენდერების შემთხვევებს, როცა სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. მინდა ვთხოვო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზრისით. თუკი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, რეაგირება იყოს უმკაცრესი. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება - როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ასევე მინდა სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით რეაგირება იყოს უმკაცრესი. ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ, დროულად უნდა მიიღონ ხელფასები. ეს არის ელემენტარული რამ. იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებენ, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუკი ასეთი პრეცედენტები მათ რაიონებში დაფიქსირდება. მინდა გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური