საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა სამეგრელოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის მადლობას უხდის, - გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე C ჰეპატიტის მართვის თანამედროვე ცენტრის შესახებ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდში გუშინ გაიხსნა.

პრემიერის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ გამოკვლევების შედეგებით, სამეგრელოს რეგიონში ვირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„ეს იქნება უნიკალური ცენტრი იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება, როგორც სკრინინგის, ასევე დიაგნოსტიკის, შემდგომ ექიმის მომსახურებისა და მედიკამენტების გაცემის კომბინირებული სერვისები. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც აშშ-ის მთავრობის დახმარებით ხორციელდება. ცენტრში, C ჰეპატიტის პროგრამით სარგებლობას, ნეიტრალური პასპორტის მფლობელი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ", - განაცხადა პრემიერმა.

C ჰეპატიტის პროგრამით, უკვე 35 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რომელთაგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.

„ეს არის თითქმის 25 ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, რომელიც ამ პროგრამის გარეშე განწირული იყო ლეტალური შედეგისთვის. პროგრამა გრძელდება და ასეთი ცენტრები სხვა რეგიონებშიც გაიხსნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა მალთაყვის სანაპირო ზოლის განაშენიანების პროცესზე, რომლის გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო იქ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს და მალე საქართველოს კიდევ ერთი საკურორტო ზონა ფოთში შეემატება.

„მალთაყვის ძალიან კარგი სანაპირო ზოლი ფოთს, როგორც ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველ ქალაქს ღირსეულად წარმოაჩენს. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური