პრემიერი გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების ინიციატივით გამოდის ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-14

გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

პრემიერის ინიციატივით, საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, სადამდეც გუდაურის საბაგირო მივა. მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

საკონფერენციო ცენტრის პროექტი ევროპული ანალოგების მაგალითზე განხორციელდება, რომლებიც წარმატებით, მთელი წლის განმავლობაში, თითქმის 365-დღიანი დატვირთვით ფუნქციონირებს.
პრემიერის შეფასებით, გუდაურში მსგავსი სივრცის არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

პროექტით კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში, განიხილება წინადადებები საინვესტიციო პარტნიორობის თაობაზე.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური