შეხვედრა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-08

4  2  3

საქართველოსა და იტალიას ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი გააჩნია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდას შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იტალია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია - 2016 წელს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 23%-ით. მისივე განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ რომში გამართული ბიზნესფორუმი კიდევ უფრო დააინტერესებს იტალიელ მეწარმეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და ასევე, ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას.

შეხვედრაზე აღინიშნა იტალიის უდიდესი გამოცდილება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კარლო კალენდას საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ რეფორმებს, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე მორგებულ განათლების სისტემას, სივრცით მოწყობას და ეფექტიან მმართველობას ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე.

"მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაისის თვეში თბილისს იტალიის ბიზნესმისია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან უმსხვილესი იტალიური კომპანიები და ადგილზე შეისწავლიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს."

გიორგი კვირიკაშვილი ასევე დაესწრო იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ სამუშაო სადილს ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური