საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-08

დაბალი ტარიფები, მსუბუქი საბაზრო რეგულაციები, ბაზრის ფიზიკური და ნორმატიული ხელმისაწვდომობა, ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, გეოსტრატეგიული მდებარეობა, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემა და გზატკეცილები, ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნესის წახალისებაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები - საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს იტალიელ ბიზნესმენებს გააცნო. რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იტალია-საქართველოს ერთობლივი ბიზნესფორუმის გახსნას, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან ერთად დაესწრო. ფორუმში 250-ზე მეტი წამყვანი იტალიური და ქართული ბიზნესკომპანია მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიის ვაჭრობის სააგენტოს მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზებისთვის, რომელიც, მისი თქმით, იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონის საქართველოში ვიზიტის დროს დაიგეგმა. პრემიერმა წამყვანი იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ. მისი თქმით, საქართველო ღიაა ბიზნესისთვის. "პირველ რიგში, საქართველოში ინვესტირებას წინ არ უდგას იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ბიუროკრატია და ის არც ნორმატიულ გარემოზე მორგებას ითხოვს. ევროკავშირთან 2014 წელს ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც ის გულისხმობს ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. მეორე, საქართველო არის კარიბჭე სხვადასხვა ბაზრისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენ უზრუნველვყოფთ გასასვლელს ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური სივრცისკენ. ამ მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ კავშირს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ნორმატიული ხელმისაწვდომობის გზით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში. კერძოდ, ჩვენ უკვე დავასრულეთ შესაბამისი მოლაპარაკებები და საქართველო მალე გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხება ჩინეთთან. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ანალოგიური შეთანხმება დსთ-ის ქვეყნებსა და თურქეთთან, ასევე პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან. წელს ჩვენ ასევე ვგეგმავთ მოლაპარაკებების წამოწყებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა რეგიონალურ ლიდერად საინვესტიციო შესაძლებლობების კუთხით. მესამე, საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო უმჯობესდება. ამჟამად საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც შედეგად მოიტანს მნიშვნელოვან ხარისხობრივ წინსვლას საქართველოში, როგორც აღმავლობის მდგარი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რომელიც ისწრაფვის მრავალფეროვნებისა და ცოდნაზე დაფუძნებული წინსვლისკენ," - აღნიშნა პრემიერმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტზე, რომელიც, მისი თქმით, არის ერთადერთი პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და უზრუნველყოფს მარშრუტს ჩინეთიდან ევროპისკენ.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ორი ქვეყნის საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებობს მნიშვნელოვანი ბაზა-2016 წელს იტალია იყო საქართველოს სიდიდით მე-10 სავაჭრო პარტნიორი; "ეს მონაცემები იმედისმომცემია, მაგრამ არსებობს ზრდის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რის მიღწევასაც, ჩემი აზრით, ჩვენ შევძლებთ ყველა დონეზე პარტნიორობის გზით...ადამიანთა შორის ურთიერთობებისა და ჩვენი ქვეყნებისთვის ბიზნესშესაძლებლობების წახალისებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის ევროკავშირის მიერ ახლახან დამტკიცებული უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ძალაში შევა ამ თვის ბოლოს. შედეგად, ბევრად მეტი ქართველი ეწვევა თქვენს ქვეყანას და იტალიელ ბიზნესებთან დაამყარებს თანამშრომლობას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანჯელინო ალფანომ. მისი თქმით, საქართველოსა და იტალიას განსაკუთრებულად მჭიდრო და ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. "იტალია ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო არის დემოკრატიული და დინამიური ქვეყანა, რომელიც ძალიან ბევრ წარმატებულ რეფორმას ახორციელებს, რაზეც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობენ," - აღნიშნა ანჯელინო ალფანომ. იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები - ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს იტალიური ექსპორტის საკრედიტო სააგენტო „SACE"-სა და საქართველოს "საპარტნიორო ფონდს" შორის. ასევე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და იტალიის სავაჭრო პალატას შორის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური