შეხვედრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან

2017-03-03

3

2  1

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა - საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატო-სთან თავსებადობასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე და ამ პროცესში ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული მიმართულებების მნიშვნელობაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალ პეტრ პაველს საქართველოში ვიზიტისთვის. მისი თქმით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო-ს როლს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ გაიმართა თბილისში, საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია და როგორც ასპირანტი ქვეყანა, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. გენერალმა პეტრ პაველმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის წევრები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური