პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

ბატონო ევროკომისარო, მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ ელჩებს, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით და სიხარულით ვულოცავ დღევანდელ დღეს!

ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

მართლაც სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციისა და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარი, ჩვენი მეგობარი, ბატონი დიმიტრის ავრამოპულოსი, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ერთად მიღწეული წარმატება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. ასევე, ვაფასებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას.

უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს - პირველი, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასთან ერთად, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ, მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ დაპირებებს. მინდა ვთქვა, რომ დღეს, როგორც არსად, საქართველოში ძლიერია ევროპული სულისკვეთება; დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა; დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის, ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩვენო თანამემამულენო და ვულოცავ ევროპასაც, იმიტომ, რომ დღეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ევროპულ ოჯახთან.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კონკრეტული, ხელშესახები სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში.

მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართომასშტაბიან, ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ.

ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება. ეს არის უწყვეტი და მდგრადი პროცესი, რომელშიც ჩვენ კვლავ გვაქვს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.
მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის ყველა წევრს, გაწეული ძალიან დიდი ძალისხმევისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ევროკომისარ ავრამოპულოსს, ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტისთვის; მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ იანოშ ჰერმანს, უდიდესი მხარდაჭერისთვის მთელი ამ პროცესის განმავლობაში და რა თქმა უნდა - ჩვენი მეგობარი ევროკავშირის ქვეყნების თითოეულ ელჩს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გასწიეს საქართველოში, იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ აღმოუჩინეს საქართველოს ხელისუფლებას, ამ უდიდესი შედეგის მისაღწევად. დიდი მადლობა, გილოცავთ დღევანდელ დღეს!


ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი:

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მინისტრებო, ძვირფასო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებო, ძვირფასო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებო, ძვირფასო მეგობრებო!
პირველ რიგში, ნება მომეცით, გულთბილი დახვედრისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ეს არ არის ჩემი ბოლო ვიზიტი თბილისში.

პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია დღეს ამ ისტორიული მომენტის აქ, თქვენთან ერთად აღნიშვნა. ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ქალბატონებო და ბატონებო, კომისიის წინადადების საფუძველზე, ევროპულ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, დღეს, სულ რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის საბჭომ, გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისათვის მოეხსნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმოსვლისათვის არსებული ვიზის მოთხოვნა. საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საბოლოოდ დადგა დღე, რომელიც ერთად უნდა აღვნიშნოთ და როცა შეგვიძლია მივულოცოთ საქართველოსა და ქართველ ერს.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ცნობილია, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან დიდხანს ელოდა ამ დღეს. სულ მალე, ჩვენ ფორმალურად დავასრულებთ დარჩენილ პროცედურებს და გადავდგამთ შესაბამის ადმინისტრაციულ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე - ამ თვის დასასრულს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ ბიომეტრიული პასპორტები, შეეძლებათ, ვიზის გარეშე იმოგზაურონ შენგენის ზონაში. როგორც ალბათ ხვდებით, ეს რამდენიმე დღის საკითხია. მოკლევადიანი ვიზების ასაღებად აღარ იქნება საკონსულოებისათვის მიმართვის საჭიროება. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ეს შესანიშნავი მიღწევად ნამდვილად სიამაყის საგანი უნდა იყოს თქვენთვის. ეს არის ქართველი ერისა და თანამდებობის პირების მიერ 2012 წლიდან განხორციელებული ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ეს წარმატება და მისი იმპლემენტაცია დაცული უნდა იყოს ყველა დემოკრატიული ძალებისა და მოქალაქეების მიერ. ეს შედეგი მძიმე შრომის შედეგად იქნა მიღწეული - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ინდიკატორთან მიმართებაში ხელშესახები პროგრესი საოცრად მოკლე დროში იქნა მიღწეული. ეს ეხება ყველა სფეროს - საზღვრის მართვიდან დაწყებული და თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებული პოლიტიკით, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით თუ პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის გაუმჯობესებით დამთავრებული. უკვე 2015 წლის დეკემბერში კომისიამ შეისწავლა აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და დაასკვნა, რომ საქართველომ ყველა არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილა. მთელი ამ პროცესის მანძილზე მძიმე შრომა ჩვენი წევრი-ქვეყნების მიერაც იქნა გაწეული. ამდენად, მინდა გამოვხატო მადლიერების გრძნობა მათი ერთგულებისა და ძალისხმევისთვის. სკეპტიკოსებისათვის კი ასევე ამოქმედდა განახლებული შეჩერების მექანიზმი, რომელიც ჰორიზონტალურად იმოქმედებს ყველა იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის უფლება მიენიჭა.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები შეინარჩუნებენ პროგრესისა და მიღწევების არსებულ ტემპს და იგივე შემართებითა და ერთგულებით შეასრულებენ შესაბამის მოთხოვნებს. ეს აუცილებელია არა მხოლოდ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, არამედ იმიტომაც, რომ ეს რეფორმები საქართველოსათვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. საქართველო პროგრესისა და რეფორმების მაგალითია. სწორედ ეს აწინაურებს მას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ევროპული პერსპექტივისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, ევროკავშირი მზადაა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს ტურისტულად, მეგობრის ან ოჯახის მოსანახულებლად, კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებაზე თუ ბიზნესშეხვედრაზე დასასწრებად, ჟურნალისტური ან მედია მიზნებით, მოკლევადიანი სწავლებისთვის ან ტრეინინგის მიზნით ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, დღევანდელი ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება გააღრმავებს ხალხს შორის კავშირებს. დამკვიდრდება ბიზნეს, სოციალური და კულტურული კავშირები ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, დღევანდელი მიღწევის მსგავსი ისტორიული მომენტები არა მარტო მისასალმებელი, არამედ აუცილებელიცაა, რადგან ისინი ევროპული პროექტის მნიშვნელობას შეგვახსენებს - პროექტისა, რომლის მნიშვნელობასაც დღეს ზოგიერთები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
საქართველოს მისწრაფება, დაუახლოვდეს ევროკავშირს და ერთ დღეს მისი სრულუფლებიანი ნაწილი გახდეს, შეგვახსენებს ამ პროექტის არსს. ეს ნიშნავს იყოს კავშირის ნაწილი - მშვიდობის, სტაბილურობის, პროგრესის, ტოლერანტობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის ნაწილი. საქართველო დღეს ევროპას, მის მომავალთან დაკავშირებით, ძლიერ გზავნილს უგზავნის. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!