საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა დაუდასტურეს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-25

1 2

აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.

კონგრესმენებმა, პიტერ როსკამმა და დევიდ პრაისმა საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და რეფორმები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებსა და იმ მტკიცე პარტნიორობაზე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.

გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს, საქართველოს მხარდამჭერი და რეზოლუციების ინიცირებისა და განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. აშშ-ის კონგრესში ორივე პარტიის მხრიდან არსებობს ერთსულოვნება საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენი ჩამოსვლის მიზანი არის საქართველოს მთლიანობისა და დასავლური დემოკრატისადმი მისი ერთგულების, ასევე ამ მიმართულებით ყველა პოზიტიური ძვრის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება. ჩვენ გვქონდა აზრთა ძალიან პოზიტიური გაცვლა პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.

საქართველოს, აშშ-ის კონგრესის სახელით, უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.
„ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ქვეყანას და ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ასე რომ, ჩვენ გვაკავშირებს ორმხრივი სიმპათია. ჩვენ გვსურს საქართველოს გაძლიერება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გზით. გასულ წელს ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ორივე ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ მოუთმენლად ველოდით საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა, რომ ჩვენი საპარლამენტო პარტნიორობა აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ამ ურთიერთობების გაგრძელება", - აღნიშნა კონგრესმენმა პრაისმა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ კონგრესმენები - ადრიან სმიტი და გერი კონოლი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური