საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-22

 

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის მინისტრ ოლგა იეროვასილის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელ ნაწილზე - საჯარო მმართველობის რეფორმაზე, რაც გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა წრეების ფართო ჩართულობას მმართველობის პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მმართველობის რეფორმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრს გააცნო ერთიანი "ბიზნეს სახლის" გეგმა. მისი განმარტებით, " ბიზნეს სახლი" სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას წარმოადგენს - ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში, ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით 700-მდე სერვისი მიიღონ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას, რომლის თანახმად, ქართული მხარე საბერძნეთს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ პრაქტიკას გაუზიარებს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური