პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-14

3

1  2საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, ე.წ რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

მხარეებმა საუბრისას, ასევე ყურადღება დაუთმეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, როგორც უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, პრობლემური საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისთვის.

შეხვედრას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კაბინეტის უფროსი და პოლიტიკური მრჩეველი - ბიორნ კიუნე, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური