საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ევროპარლამენტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-02

მოგესალმებით!
მივესალმები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელი გულით ვულოცავ დღევანდელ დღეს - დღეს, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების გზაზე და ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია, მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე.

დღეს ევროპარლამენტში, საიდანაც ყველაზე უკეთ ისმის ევროპელი ხალხის ხმა, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპის ნაწილია.
ჩვენ დღეს მოვისმინეთ სიტყვები, რომელმაც შეუძლებელია, არ აგაღელვოს და სიამაყით არ აგავსოს. ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს, ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის. დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს ასეთი შეფასებისა და ნდობისთვის.
ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა და ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს - ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა.
დღევანდელი წარმატება უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო ყველა მათგანს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელიც ყოველთვის ერთსულოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ!
დღევანდელი პოზიტიური გადაწყვეტილება მალე მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და საქართველოს მოქალაქეებს, მიეცემათ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, თითოეულ ჩვენგანს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის.

სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება.
მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ ყველას!