საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ევროკავშირის ელჩმა პრემიერს ევროპარლამენტის მხარდაჭერა მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-02

თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა, რაც დიდი წარმატებაა, - ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა. როგორც ელჩმა პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხმა ევროპარლამენტის დეპუტატთა 86%-ის მხარდაჭერა მიიღო. გიორგი კვირიკაშვილმა იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის „რთულ და ხანგრძლივ პროცესში" მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ევროპარლამენტში ჩატარებული ხმის მიცემის შემდეგ შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მას შემდეგ, რაც მივულოცე პრემიერ-მინისტრს, მინდა ყველა თქვენგანს, საქართველოს მოსახლეობას მიღწეული შედეგი მოგილოცოთ. ეს შესანიშნავი შედეგია. ეს მიღწევა თქვენი და საქართველოს მიერ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ - ჩემი გამოთვლებით, 86%-მა, ყველა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას დაუჭირა მხარი. ეს აჩვენებს იმ პატივისცემას, რომლითაც ევროპარლამენტია გამსჭვალული საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტის მიმართ", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა, საუბრისას, ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური