2016 წლის 15 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 42 დევნილ ოჯახს, ქუთაისში, სამტრედიასა და წყალტუბოში საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა საცხოვრებელ ფართი. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, 13 642 დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

დღესვე, 58 ეკომიგრანტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლი (წალკა, თეთრიწყარო, ლაგოდეხი, ნინოწმინდა, სიღნაღი და აბაშა). ამ დროისთვის უკვე 311 ეკომიგრანტმა ოჯახმა მიიღო სახლი საკუთრებაში.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბაბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესების და შესაბამისი პარამეტრების დადგენის თაობაზე."განკარგულების მიხედვით, მთავრობა უზრუნველყოფს კურორტის დაცვას ქაოსური და არასწორი განაშენიანებისგან. ბაკურიანის "განვითარება" წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ქაოტურად, რამაც საკმაოდ დააზარალა კურორტი. შეზღუდვები გაგრძელდება 2017 წლის პირველ დეკემბრამდე, ანუ მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე არ დამტკიცდება ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სივრცით-ტერიტორიული დოკუმენტაცია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური