საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 24 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 177 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილებს სახლები თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხონსა და ხაშურში გადაეცემათ.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ", რომლის თანახმად, ზუგდიდში ინოვაციების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროგრამებში მოსახლეობის ჩართვას, ქართული პროდუქტის წარმოების წახალისებას და ინოვაციების სტიმულირებას რეგიონის მასშტაბით. ზუგდიდის ტექნოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას დაშვება ექნება სხვადასხვა ტიპის აპარატურასთან, სამუშაო სივრცესთან, სატრენინგო და საკონფერენციო ოთახებთან, ისინი შეძლებენ, განახორციელონ ბიზნესიდეები - პროტოტიპის დამზადებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნის ჩათვლით. ზუგდიდის ტექნოპარკი შეუწყობს ხელს რეგიონის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ", რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2016 წლის 9 ივლისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ცენტრალური წყალსადენის მიმდებარე ტერიტორია და წყალმიმღები ჭების აღდგენის, ჩოხატაური - ბუკისციხის საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება.

მთავრობამ დაამტკიცა ცვლილება „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებაში", რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის პორტის გავლით შემოტანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავება (გახსნა/გადატვირთვა) და ავტომობილების დათვალიერება შესაძლებელი გახდება ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საბაჟო საწყობში, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს.

საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა დადგენილებაში ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ". პროექტით განისაზღვრება, რომ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულნი არიან, წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზე ჩარიცხვის წინაპირობად, საგნის გამოცდის ჩაბარების გარდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება განისაზღვრება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური