საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 16 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა, დაემატა 7 საკითხი. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საწარმოების პროექტები, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი განკარგულება.

თბილისში ხორცპროდუქტების საწარმო შეიქმნება, რომელიც დაასაქმებს 190 ადამიანს და 3 755 202 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მეორე საწარმო ამოქმედდება ქობულეთში,  დაბა ოჩხამურში შეიქმნება და ეს არის მაკარონის, პურ-ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის დამამზადებელი, სადაც 160 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული და მისი აშენებისთვის 320 000ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.

ახალი საწარმოების მშენებლობის მიზნით,  2 კომპანიისთვის მოხდება ქონების გადაცემა. კერძოდ, კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში ამოქმედდება ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მასში 30 ადამიანი დასაქმდება. ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში. მეწარმეს 25 წლიანი იჯარით 57 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის პროექტი. 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას, C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობას და მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნებას. C პეპატიტის ელიმინაციის მიზნის მისაღწევად და ეროვნული რეაგირების ხელშეწყობისათვის შემუშავდა ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა.

ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი თანხაა:   116 მილიონ 226 ათას 095 ლარი,  აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 57მილიონ 160 ათას 850 ლარი დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიის/სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის გამარტივდება დანამატის დანიშვნის პროცედურა, დაიხვეწება მათი დანამატებით უზრუნველყოფის ადმინისტრირების პროცესი. თუ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მიერ წარმოებულ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მიხედვით, პირს მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება დანამატის დანიშვნა. დანამატის დანიშვნას და გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს ავტომატურად, დაინტერესებული პირის მიერ დანამატის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართვის გარეშე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური